ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, კახეთის რეგიონში. დაარსდა 1912 წელს. კლიმატი ნოტიო-სუბტროპიკულია. პარკი მდიდარია საოცარი მცენარეული საფარით, ტბებით, ალპური ზონებითა და ჩანჩქერებით.

პარკს აქვს სამი შესასვლელი: მთავარი შესასვლელი მდებარეობს ჩრდილოეთით ქალაქ ლაგოდეხში,მეორე შესასვლელი-სოფელ ნინიგორის ჩრდილოეთით, მესამე-მციმის ჩრდილოეთით. პარკში შესვლა უფასოა, აქ შეგიძლიათ იქირაოთ ცხენები, გაშალოთ კარვები, დაანთოთ ცეცხლი და დაისვენოთ.

მთებში სათავეს იღებს ისეთი მდინარეები, როგორიცაა: ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხის წყალი და მციმის წყალი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტბა პარკში, შავი კლდეების ტბაა, რომლის სიღრმეც 14 მეტრია.

საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ბევრია კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა.

ფრინველებიდან (აღრიცხულია მათი 120 სახეობა) აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი, რეგისტრირებულია აგრეთვე ამფიბიის 4 და ქვეწარმავლების 8 სახეობა. ნაკრძალში მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღამთის მეტეოროლოგიური სადგური. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1972).